York Towers

რა უნდა იცოდეთ, სანამ Airbnb-ს მასპინძელი გახდებით?

4331064 რა უნდა იცოდეთ, სანამ Airbnb-ს მასპინძელი გახდებით?

Airbnb.com – საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც სახლის გაქირავება მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეზე შეგიძლიათ. უსაფრთხო და მოწესრიგებული მექანიზმი, საშუალებას გაძლევთ, ეფექტურად და სრულყოფილად წარმოაჩინოთ თქვენი უძრავი ქონება. არც შემოსავალია ურიგო მათთვის, ვინც ბინებს რეგულარულად აქირავებს Airbnb-ზე და საკუთარ მასპინძლურ რეპუტაციაზეც ზრუნავს. Airbnb-ის პლატფორმით, დაახლოებით, 3 მლნ მეპატრონე აქირავებს უძრავ ქონებას. ეს რიცხვი მუდმივად იზრდება საქართველოშიც. შეგიძლიათ გააქირაოთ სახლი, ბინა, ოთახი და საწოლიც კი… თუმცა, სანამ Airbnb-ის ოჯახის წევრი გახდებით და მისი საშუალებით გადაწყვეტთ შემოსავლის მიღებას, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ:

რამდენად სანდოა ამ გზით გაქირავება?

Airbnb საერთაშორისო პლატფორმაა. მისი ასეთი პოპულარობა მისმა სანდოობამ განაპირობა. რეპუტაციის მოპოვებას კი დიდი შრომა სჭირდება. Airbnb-ს გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ შესაძლოა არ გსურდეთ გარკვეული ტიპის ადამიანების თქვენს ბინაში შეშვება. სწორედ ამიტომ, საშუალებას გაძლევთ, დააწესოთ აკრძალვა, ვის შეუძლია დაჯავშნოს და ვის არა. მაგალითად, შეგიძლიათ მოითხოვოთ სტუმრის პირადი ნომერი, დაჯავშნის წინ ან მიუთითოთ წესები, რომელიც უნდა დაიცვას. ასევე, შეგიძლიათ მოითხოვოთ სტუმრის რევიუები წინა მოგზაურობებიდან.

რეგისტრაციიდან გაქირავებამდე

პლატფორმაზე რეგისტრაცია უფასოა. შეგიძლიათ განათავსოთ ერთი ოთახი ან მთლიანი სახლის განცხადება. შეარჩიოთ ფასი, გაქირავების ვადები და მოთხოვნები სტუმრების მიმართ. გაქირავებამდე, დაინტერესებულ ადამიანებს თქვენთან კონტაქტი შეუძლიათ, ამდენად შესაძლებლობა გაქვთ დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვა.

რა ფასად სჯობს გაქირავება?

რაკი დამწყები ხართ, კომპრომისზე წასვლა ყველაზე გონივრულია. Airbnb-ის რუკაზე დაათვალიერეთ, რა ღირს თქვენს უბანში სხვა ბინები და 20-25%-ით ნაკლები ფასი დაადეთ. ფასის ზრდა შეგიძლიათ, კარგი რევიუების პარალელურად. იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს, საუკეთესო მასპინძლადაც გაღიარონ.

როგორ მიიღებთ ფულს გაქირავებიდან?

Airbnb-ის საკომისიო გასაქირავებელი თანხის 3%-ია. თანხის მიღება შეგიძლიათ სტუმრის განთავსებიდან ერთი დღის შემდეგ. იქამდე, ფული Aribnb-ის ანგარიშზეა. ეს სტუმრის დაცვას ემსახურება. რაც შეეხება, თქვენს შემოსავალს, შეგიძლიათ გამოიყენოთ Western Union-ით. ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო გადასახადს, ბიუჯეტს თანხის 5%-ს გადაუხდით.

როგორ შეუქმნათ პირობები?

ყველა სტუმრის მიღებამდე, ბინა საგულდაგულოდ უნდა დალაგდეს. მოწესრიგდეს პირსახოცები, თეთრეული და სხვა საჭირო ნივთები. შეგიძლიათ, ვინმე დაიქირაოთ და დაიხმაროთ ამ საქმეში. თქვენი მიზანია, გადააჭარბოთ მოლოდინს, რათა სტუმარმა კარგი რევიუს გარდა, სხვებსაც ურჩიოს თქვენთან სტუმრობა.

მიმზიდველობა

მოაწყეთ ბინა ლამაზად. უზრუნველყავით ხარისხიანი და მიმზიდველი ფოტოები. უმჯობესია, გამოცდილ ფოტოგრაფს თუ უხმობთ საამისოდ. ბინის გარდა, მნიშვნელოვანია განცხადებაც. სათაურით დაწყებული, ყოველი ფრაზა უნდა იყოს მიმზიდველი. ესაა კონკურენცია, თქვენ კი უპირატესობის მოპოვება გჭირდებათ.

Leave a Reply